თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საქართველოში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის საკითხების კოორდინატორს შორენა კობაიძეს შეხვდა და მასთან USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა. თინათინ ნიბლოშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენელს თბილისის საკრებულოს მუშაობის პრინციპი და მაჟორიტარების არჩევის სისტემა გააცნო. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავისი ბიუჯეტი აქვს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს და საქართველოს 11 მუნიციპალიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. შორენა კობაიძემ პროგრამის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ესენია საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესება, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თანაბრად მისაწვდომი ადგილობრივი სერვისების მიწოდების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ USAID-თან ამ პროგრამის ფარგლებში, თბილისის საკრებულო აქტიურად ითანამშრომლებს. თინათინ ნიბლოშვილმა და შორენა კობაიძემ მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.