თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და მათი თემების წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. მისი თქმით, კამპანიამ ძალიან ბევრ ქალს მისცა სტიმული, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტაროს სკრინინგი.
,,ვფიქრობ, ჩვენს კამპანიას გარკვეული შედეგები უკვე აქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ნაკლები ინფორმირებულობა და დაგვიანებული სკრინინგი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.
ვაგრძელებთ მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი კამპანიის გზავნილი ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია’’ . მინდა ყველა ქალს კიდევ ერთხელ ვუთხრა და შევახსენო, რომ გამოვნახოთ დრო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, რომ ეს კვლევები მათთვის სრულიად უფასოა, ფინანსდება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის კომპანია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ პრეზენტაციები წარმოადგინეს, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის დროული დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა და აქტივობა განხორციელდა.