თბილისის საკრებულოში ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების დასადგენად მიმდინარე კვლევითი პროექტის შუალედური ანგარიშის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მოეწყო.
კვლევა, რომელიც თბილისის საკრებულოსა და თსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს, თბილისის თავშესაფრებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგ მოდულის შემუშავებას ისახავს მიზნად.
შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პროექტში ჩართული ადამიანების განუზომელი შრომა აუცილებლად იქნება მისი წარმატებით დასრულების საწინდარი.
„ჩვენ ძალადობის მსხვერპლი ქალების ირგვლივ ვერთიანდებით. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამგვარი დასაწყისით ძალიან დიდ პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული შუალედური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო რუხაძემ ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების რეალური სურათის ასახვაში კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისის მუნიციპალიტეტსა და რვა ქართულ უნივერსიტეტს შორის არსებობს ინსტიტუციური თანამშრომლობა, რომელიც ერაზმუსის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. კვლევა ეხმაურება რეალურ საჭიროებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ უშუალოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან შევიტყვეთ.
მადლობა ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმს, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა ეს კვლევა. ის მნიშვნელოვანია პროგრამისთვის, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს და რომელიც შრომით ბაზარზე ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაქმებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
შუალედური კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. კვლევა თსუ-ს მიერ კოორდინირებული ერაზმუსის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პროექტის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და მენეჯმენტის განვითარების ევროპული სააგენტოდან საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.