დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, „მერსი ქორფსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და პროგრამის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს.
ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მემორანდუმის გაფორმებას ქალთა გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო „მერსი ქორფსთან“ ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ქალთა გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ხელმოწერილი მემორანდუმის მიზანი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და იმ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას და ამ მიმართულებით საზოგადოებისა თუ მედიის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.