თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, ასევე დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად გამართეს და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მათი ხედვები მოისმინეს.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
მისი თქმით, ზუსტი და კონკრეტული სტრატეგია მნიშვნელოვანია, რათა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნების მიღწევა უფრო სისტემურად და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდეს.
,,ვაძლიერებთ თანამშრომლობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა ჩართულობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრას დედაქალაქის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ესწრებოდა. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამოქმედო გეგმის პროექტის ხუთ ძირითად მიზანზე, მიზნების ამოცანებსა და განსახორციელებელი საქმიანობის ფორმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეები სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებისა და რეკომენდაციების წერილობითი ფორმით წარმოდგენასა და მომავალში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ანა მარგიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო ჩოხელი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე ესწრებოდნენ.