თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას ორგანიზებით, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ჟურნალები გადაეცა. მარიკა დარჩიას განცხადებით, დღეს პანსიონატის ბიბლიოთეკა, რომლის გამდიდრება-გამრავალფეროვნებაზე თბილისის საკრებულო უკვე რამდენიმე წელია ზრუნავს წიგნების რამდენიმე ათეული ეგზემპლარით შეივსო.
პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულები, მარიკა დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა და პანსიონატის დამფუძნებელთან რუსუდან ბერიძესთან და პანსიონატის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.
„დღეს კვლავ ვეცადეთ გაგვეხარებინა ეს ადამიანები და მათ საჩუქრად წიგნები გადავეცით. პანსიონატ „ბასილიადასთან“ წლებია კონტაქტი გვაქვს და მათ წიგნების პირველი დიდი პარტია ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოვუტანეთ. ამჯერადაც შეძლებისდაგვარად შევავსეთ პანსიონატის ბიბლიოთეკა, ვინაიდან აქ არიან ძალიან დაინტერესებული და აქტიური ხანდაზმულები ადამიანები რომელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნთან ურთიერთობაა. ისინი არ არიან ინტერნეტსივრცის მომხმარებლები, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ბიბლიოთეკის წიგნებით შევსება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხდა მარიკა დარჩიამ.