თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრების და გამგეობების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პროექტი გაეროს და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, პროექტი მაჟორიტარი წევრების ბიუროებსა და გამგეობებში ძალადობის წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელებას და ამ საკითხისადმი ცნობადობის გაზრდას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო სანიშნეები გამოიცა. სანიშნეებზე იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი და ტელეფონის ნომრებია მითითებული, რომლებსაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს. სწორედ ამ საინფორმაციო სანიშნეების დარიგება დაიწყო მაჟორიტარების ბიუროებში.
„სპეციალურად ავირჩიეთ სანიშნეების ფორმა, რომელიც საჭირო ინფორმაციას შეიცავს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მუნიციპალიტეტი და მაჟორიტარები მათ არა მარტო სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან, არამედ ძალადობის მსხვერპლთაც გაუწევენ შესაბამის თანადგომას. ნებისმიერს, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნება, შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სანიშნეზე მითითებულ ორგანიზაციებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოდ არავის და დავიცავთ მათ უფლებებს.
მინდა გაეროს და დანიის მთავრობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა ციფრულ სტამბას „პრინტარეა“, სადაც ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო სანიშნეები დაიბეჭდა,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
დღეს პირველი შეხვედრა გლდანის რაიონში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის გულია გოცირიძის ბიუროში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე, ამ თემის ირგვლივ ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი კამპანიური ხასიათისაა და ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო სანიშნეების დარიგება თბილისის რაიონების მაჟორიტარულ ბიუროებში მომავალშიც გაგრძელდება.