თბილისის საკრებულო კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს ტრადიციულად უერთდება. მსოფლიოში ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.
კამპანიის ფარგლებში თბილისის საკრებულოს წევრებმა, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს, რომელიც სიმბოლურად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.
„ოქტომბერი ძუძუს კიბოს და, ზოგადად, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თვეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და რამდენიმე წელია ჩვენც აღნიშნულ კამპანიას თბილისის საკრებულოს ფორმატში ვუერთდებით. დღეს გახსნითი ღონისძიება გვაქვს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პაციენტები, რომლებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება ან მკურნალობის პროცესში არიან. თავისუფლების მოედანზე ყველამ ერთად „ცოცხალ ჯაჭვი“ შევკარით. მიმდინარე თვეს არაერთ ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელთა საშუალებითაც გავამხნევებთ ჩვენს ონკოპაციენტებს. ჩვენი ქვეყანა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩავიტაროთ უფასო სკრინინგი“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოს“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ უკვე მეორე წელია მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი და სხვადასხვაგვარი აქტივობებით მიმდინარეობს. ოქტომბრის თვეში სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებებთან ჩართულობით კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.