თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებმა შშმ ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.
შეხვედრა, რომელიც საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით შედგა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს შეეხო. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
საკრებულოს წევრმა ნინო ლაცაბიძემ შშმ ქალთა პერსონალურ მონაცემთა საერთო ბაზის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთი ბაზის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციართათვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება გამარტივდება.
შეხვედრაში ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლები, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.