თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მხარდაჭერით ქალი მსჯავრდებულებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებული ქალების რეაბილიტაციას.
„დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს და ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენეს, ბევრად უფრო მოტივირებულები დაუბრუნდებიან საზოგადოებრივ ცხოვრებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ქალ მსჯავრდებულებს #5 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო-გამაჯანსაღებელი პროგრამის გავლის სერტიფიკატები თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა მუზაშვილმა და ფსიქოლოგმა თათა გულაშვილმა გადასცეს.
პროექტი, რომელსაც ფსიქოლოგი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი უძღვებოდა, ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის მიზანია მსჯავრდებულებმა საკუთარი ემოციების მართვა და რესურსების გამოყენების უკეთ შეძლონ.
„ათდღიანი სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის ფარგლებში ადამიანს შეუძლია შეისწავლოს, თუ როგორ მართოს საკუთარი ემოციები, განცდები, უნარები და მართოს ასევე თავისი ჯანმრთელობა, რადგან დაავადებების 92 პროცენტი სწორედ ფსიქო-ემოციური ფონიდან ვითარდება. ამ ათ დღეში ჩვენ ერთმანეთს ბევრი ემოცია გავუზიარეთ და საოცარ შედეგებზე გავედით“, - განაცხადა ხათუნა მუზაშვილმა.