თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ქალი მსჯავრდებულებისთვის რესოციალიზაციის პროექტები გრძელდება. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის მიზნით #5 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სასწავლო-გამაჯანსაღებელი პროგრამა დაიწყო.
პროექტი, რომელსაც ფსიქოლოგი, ქოუჩის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და სასწავლო-გამაჯანსაღებელი სისტემის ტრენერი ხათუნა მუზაშვილი წარუძღვება, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 20-ზე მეტი მსჯავრდებული იქნება ჩართული.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება. მსჯავდებული ქალები, დედები თუ შვილები რეაბილიტაციის შედეგად ციხიდან თავიანთ ოჯახებსა და საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად უნდა დაუბრუნდნენ.
სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის მიზანია, რომ მსჯავრდებულებმა საკუთარი ემოციების მართვა და რესურსების გამოყენება უკეთ შეძლონ.