თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეხვედრა და კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო კამპანია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროულ დაწყებას.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მისი განაცხადებით, ეს კამპანია ძალიან ბევრ ქალს მისცემს სტიმულს, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი.
„დღეს თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ჩვენი მეგობარი ორგანიზაციის „ევროპა დონას“ მხარდაჭერით, ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც გვეხება ქალებს. ჩვენი დღევანდელი დღის სლოგანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“. გვინდა ყველა ქალს მოვუწოდოთ, გამოვნახოთ დრო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყოველი მერვე ქალი არის ონკოლოგიური დაავადებების რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფი. დარწმუნებული ვარ, კამპანია, რომელიც დღეს დაიწყო და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, ძალიან ბევრ ქალს სტიმულს მისცემს სკრინინგი გაიკეთონ. ეს გამოკვლევა სრულიად უფასოა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება”, -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში ჩართული იქნებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები. დაგეგმილია საჯარო უწყების თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და სკრინინგის ჩატარება, საკრებულოს თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ერთობლივი სპორტული აქტივობები, ფოტო კამპანია და სხვადასხვა გამოწვევა სოციალურ ქსელში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების ჯგუფების ჩართვა ცნობიერების ამაღლებაში და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევუწყობთ ხელს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის გარანტიაა,“- განაცხადა ,,ევროპა დონას საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა.
საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, საკრებულოს წევრი ვახტანგ სურგულაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე, ექიმები და ბენეფიციარები.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაიგეგმოს. სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით, მუნიციპალური მხარდაჭერით, პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ინფორმირების ნაკლებობა და დროული სკრინინგი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.
ღონისძიებას დაესწრნენ ონკოლოგები, პროგრამის ბენეფიციარები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის ბოლოს ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების სპონსორები იყვნენ კომპანიები: საკონდიტრო ,,ლიკა’’, საკონდიტრო ,,ბელა’’, ,,ონიაშვილების’’ საცხობი და ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია’’.