თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის ორგანიზებით და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალი მსჯავრდებულებისთვის წიგნები შეაგროვა. საკითხავი ლიტერატურა მათი ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა. ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
„ვაგრძელებთ თანამშრომლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც წინა თვეებში რამდენიმე აქტივობა უკვე განვახორციელეთ. ლიტერატურა პატიმრების ინტერესების საფუძველზე შეირჩა. ციხეებიდან ადამიანები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად უნდა დაუბრუნდნენ“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა ლომუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობასა და ამ მიზნით სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო პირველი შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის წიგნების შეგროვებას ითვალისწინებდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს 400-მდე წიგნი გადასცა. წიგნები რომელიც N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების ბიბლიოთეკას შეემატება კომპანია ,,წიგნის სახლი’’-ს დამაარსებელმა რამაზ ჯიქიამ უზრუნველყო.