დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია საკრებულოს წევრთან ნინო რუხაძესთან ერთად წყლის გლობალური პარტნიორობის ეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ გენდერული საკითხების მიმართ.
მარიკა დარჩიამ სტუმრებს საკრებულოს ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო და გენდერული თანასწორობის საბჭოს თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ყურადღება საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა, როგორიცაა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო ეკოლოგიური მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსა და პროცესში ქალთა აქტიურ მონაწილეობას, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების საქმიანობას და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის გლობალური პარტნიორობის ეროვნული წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში ახორციელებენ პროექტს, რომელიც ბუნებრივი რესურსებისა და კლიმატური ცვლილებების სფეროში ქალების ჩართულობის გაფართოებისკენაა მიმართული.
დასასრულს, მარიკა დარჩიამ და ნინო რუხაძემ ურთიერთთანამშრომლობისა და შესაბამისად, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.