თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობითა და სოლიდარობის ცენტრის ინიციატივით, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის პროექტის „ქალების ჩართულობა სამუშაო ძალაში“ საინფორმაციო შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და შეხვედრის მიზნებსა და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
პროექტის პრეზენტაცია სოლიდარობის ცენტრის პროექტის კოორდინატორმა სალომე ქაჯაიამ წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალების სრულფასოვანი, თანასწორი და უსაფრთხო ჩართულობა სამუშაო ძალაში. შეხვედრის მონაწილეებს მან ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სამი მცირე გრანტის გაცემა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს, მონაწილეთა ჩართულობით დისკუსია გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის აუცილებელ საკითხებზე ისაუბრეს.
პრეზენტაციას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობა ესწრებოდა.