თბილისის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობა გენდერული ნიშნით (TFGBV). ის თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში მოეწყო.
სამუშაო შეხვედრა ამჯერად თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურების თანამშრომლებთან გაიმართა. შეხვედრაზე ონლაინ უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა და გენდერული თანასწორობის საბჭოს რეაგირებისა და ქალთა მიმართ კიბერძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„უსაფრთხო ონლაინის“ პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, ხოლო უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი ძალადობის პრევენციისათვის საკანონმდებლო სისტემისა და რეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები.
პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.