მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქალთა იშვიათი პროფესიები". თბილისის საკრებულოში გამართულ სამუშაო შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის", სსიპ - კოლეჯ „მერმისის", სსიპ - კოლეჯ „სპექტრის" და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სასწავლებლების წარმომადგენლებთან საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე პროფესიულ განათლებასა და კარიერულ განვითარებაში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრაზე, პროფესიის/სპეციალობისა თუ სამუშაოს სქესის მიხედვით დაყოფის საკითხებზე ესაუბრა.
„სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან. მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიური თანამშრომლობა, ვინაიდან თბილისის მერია პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში არაერთ მიმართულებას აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებში", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი", რომელიც მიზნად ისახავს „ქალთა იშვიათი პროფესიების" არჩევანის წახალისებას და ამ პროფესიების/სპეციალობების პოპულარიზაციას.
პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები და მხარდაჭერა დიდ მოტივაციას მისცემს ქალბატონებს მათი სამომავლო კარიერული წარმატებისთვის.