თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა მომავალი აქტივობების თაობაზე იმსჯელეს.
საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორი განსხვავებული თემატური მოკვლევის ანგარიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,საჭიროდ მიგვაჩნია ფართო შემადგენლობით ერთად გადავწყვიტოთ საჯარო მოსმენის დაგეგმვის საკითხი, რადგან კვლევებში არის ისეთი დეტალები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არის საყურადღებო’’,-აღნიშნა მარიკა დარჩიამ.
მისივე თქმით, სასურველია, დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მოხდეს სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც გენდერულ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გამოავლენს და ამასთანავე, მათი გადაჭრის რეალურ გზებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
შეხვედრაზე სტრატეგიული გეგმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელების მნიშვნელობაზე საბჭოს წევრმა რიმა ბერაძემ ისაუბრა.
"დროა დავიწყოთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რათა იმ სტრატეგიული გეგმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება მოვახერხოთ, რომელიც თბილისის საკრებულოს გენდერულმა თანასწორობის საბჭომ წლის დასაწყისში დასახა",-განაცხადა დეპუტატმა.
სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში გენდერულ საკითხებზე მომუშავე პირებთან აზრთა გაცვლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის გზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქმედების სამომავლო სტრატეგია დასახეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომას საბჭოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ესწრებოდა.