კონფერენცია სახელწოდებით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმები, ძალადობის პრევენცია“ თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენცია თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების ჩატარების მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ძალადობის პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაციის პროცესის გაძლიერებას, აღნიშნული მექანიზმების დანერგვა- აღსრულების მიზნის მისაღწევად შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„გენდერული თანასწორობის საბჭო და მთელი საკრებულო უკვე მეორე წელია აქტიურად უერთდება კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას ინფორმაციამ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს სთავაზობს. ხოლო, მუნიციპალიტეტმა და ყველა აქ წარმოდგენილმა უწყებამ, საზოგადოებაში ამ მიმართულებით ნდობის გაღრმავებისთვის ერთობლივი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პენიტენციურ დაწესებულებებში მუნიციპალიტეტის როლზე გენდერული ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა გაძლიერების მიმართულებით, მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე პირთა ქცევის კორექციის პროგრამებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებებსა და სერვისებზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახზე ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატსა და სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების შესახებ მოხსენებები მოისმინეს.
იმსჯელეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მათი დახმარების
უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო სერვისების უფრო ინტენსიურად გავრცელების საჭიროებაზე. განიხილეს საკანონმდებლო სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტების გაძლიერების გზები და მიღებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის, პეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის დეპარტამენტის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის დეპარტამენტის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების, იურიდიული დახმარების სამსახურის, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველოს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და „ძალადობიდან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.