თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა დაგეგმილი პროექტებისა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხების შესახებ. ანგარიშს წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსი’’ WISE პროგრამის ფარგლებში (პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხების კომიტეტი მიერ).
სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულებისთვის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებულ აქტივობებზე, რომლებიც მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულებისთვის რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.
შეხვედრის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საბჭოს ინიციატივით თბილისის საკრებულოში პოეტ ანა კალანდაძის შემოქმედებითი საღამო იგეგმება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის მონაწილეებმა საბჭოს მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საბჭოს წევრი ნინო ბურძენიძე.