თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
თინათინ ნიბლოშვილმა დაგეგმილი პროექტების, მათ შორის უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. ეს მემორანდუმი გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა თბილისის საკრებულოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ერთობლივ აქტივობებზე. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი პროექტის ,,ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მსჯავრდებულებს 400-მდე წიგნი, კერძოდ, მხატვრული ლიტერატურა გადასცა. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ქალებს მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებს გადასცემენ.
სამუშაო შეხვედრის ბოლოს თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, დაიბეჭდება საინფორმაციო ხასიათის ბროშურები სხვადასხვა ენაზე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.