თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა დღეს თბილისის საკრებულოში. გენდერული საბჭოს ფორმატში შევხდით პარლამენტში არსებულ მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წევრებს. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ცენტრალიზებულად ახდენს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ჩვენთვის, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხედვების, სამომავლო გეგმების მოსმენა და გაზიარება“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა და გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაძლიერების საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმებზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ლელა აქიაშვილი და გენდერის და ინკლუზიის მენეჯერი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელი მირანდა ტყაბლაძე .