საკრებულოში თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობა გენდერული ნიშნით (TFGBV). სამუშაო შეხვედრა ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან გაიმართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნათია მოდებაძემ და ანა კაკაბაძემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. მათი თქმით, ონლაინ უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესია.
შეხვედრის ფარგლებში „უსაფრთხო ონლაინის“ პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს ინფორმაცია ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა. უსაფრთხოების /ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა მირცხულავამ კი წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად ისაუბრა შემდეგ თემებზე: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა( TFGBV) და ელექტრონული კომერციის (E-commerce) უსაფრთხოება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებმა პრიორიტეტებსა და ძირითად ამოცანებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო ვარდოსანიძე, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალები და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლები.