თბილისის საკრებულოში ანა კალანდაძის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო „ანა პოეზიის დედოფალი“ გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით მოეწყო.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართული შემოქმედებითი საღამო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქართულ პოეზიაში ანა კალანდაძის ფენომენის მნიშვნელობასა და ყველა თაობის საყვარელი ქალი პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა.
„გენდერული საბჭოს ინიციატივით, დღეს დიდი პოეტი ქალის - ანა კალანდაძის -შემოქმედებითი საღამო გაიმართა. დღევანდელი დღე ანა კალანდაძის პოეზიის თაყვანისმცემლებს ეძღვნება. ვეცადეთ, ამ საღამოში ჩაგვეტია ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ანა კალანდაძის ცხოვრებიდან, მისი შემოქმედებიდან. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შეასრულეს მისი ლექსები, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
პირველი ლესების გამოქვეყნებისთანავე შეიყვარა ქართველმა ხალხმა ახალგაზრდა ანა კალანდაძე და დღეს იგი ყველა თაობისთვის საყვარელი პოეტია. მას სიცოცხლეშივე უწოდეს „პოეზიის დედოფალი“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საღამოზე დამსწრე საზოგადოებას ანა კალანდაძის შესახებ პოეტის ოჯახის წევრმა თინა ყანდარელმა მოუთხრო, მსახიობმა ლეო ანთაძემ კი ლექსი „საქართველოო, ლამაზო“ წაიკითხა.
ღონისძიებაზე ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ანა კალანდაძის შემოქმედებაზე ისაუბრა. ფილოლოგმა და ენათმეცნიერმა ავთანდილ არაბულმა კი „პოეზიის დედოფლის“ ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენა და მისი პიროვნების შესახებ მოუთხრო დამსწრეთ.
შემოქმედებით საღამოზე ლიტერატურის კრიტიკოსმა სოსო ჭუმბურიძემ წაიკითხა მცირე მოხსენება თემაზე „ანა დისიდენტი და ანას ჰუმანიზმი“. მსახიობებმა ზვიად დოლიძემ, რუსუდან ბოლქვაძემ და ფიქრია ნიქაბაძემ ანა კალანდაძის ლექსები და პოეტის დღიურებიდან ამონარიდები წარუდგინეს საზოგადოებას.
ღონისძიებაზე „პოეზიის დედოფლის“ შემოქმედების შესახებ პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ და მამა ადამ ახალაძემ ისაუბრეს. ანა კალანდაძის უკვდავ ლექსებზე შექმნილი სიმღერები კი ტრიო „ახალმა ხმამ“ და ანსამბლმა „დრომ“ შეასრულეს.
პოეზიის საღამოს საკრებულოს წევრები, ქართული მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.