თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტთან ანა მაზანიშვილთან და სკრინინგ ცენტრის დირექტორთან ეთერ კიღურაძესთან ერთად 173-ე სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში თინათინ ნიბლოშვილმა კიბოს დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულმა კამპანიამ ძალიან ბევრ ქალს მისცა სტიმული, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების შეზღუდვას.
პედაგოგებთან შეხვედრაზე „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა და სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შემთხვევებზე გაამახვილეს ყურადღება და იმ კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა და აქტივობა განხორციელდა.