საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ფორუმს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა უმასპინძლეს.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები ნინო რუხაძე და სალომე კობალაძე ესწრებოდნენ.
ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერებისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეის გარშემო გაერთიანებულ ფორუმს 350-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
დღესვე მონაწილეებმა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ასევე გაიმართა მსჯელობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
ფორუმი დასრულდა ახალგაზრდული ჯგუფების გამოსვლით, რომლებმაც მმართველობაში თანასწორობის გაზრდის გზებზე ისაუბრეს და საქართველოს სამომავლო პოლიტიკის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.