თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ორგანიზებით, ხანდაზმულთა პანსიონატს „ბასილიადა“ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს საჩუქარი გადაეცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და გენდერული საბჭოს წევრმა გულია გოცირიძემ პანსიონატში „ბასილიადა“ მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულეს და მათ საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცეს.
„ბასილიადას“ დამფუძნებელთან რუსუდან ბერიძესთან შეხვედრის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა შენობა დაათვალიერეს, პანსიონატის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.
„პანსიონატთან ურთიერთობას მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ. არასოდეს ყურადღება არ უნდა მოაკლო ისეთ ადამიანს, როგორიც ამ პანსიონატის დამფუძნებელია, რომელიც ამ უდიდეს მადლიან საქმეს აკეთებს და არაფერს გთხოვს. მადლობას ვუხდი ისნის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს, რომელიც მოხუცებს მუდამ მხარში უდგას.
დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია პანსიონატის საჭიროებების შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად დავეხმარებით მას და ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.