თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო რუხაძემ თანასწორობისა და ქალთა სოლიდარობის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებული ფორუმი გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მიღწეული პროგრესის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი განვითარებისთვის სამომავლო გეგმებზე მსჯელობას ეთმობა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ ქალებმა დიდი როლი უნდა შეასრულონ ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში და პოლიტიკაში მათი აქტიური მონაწილეობის გარეშე სახელმწიფო წარმატებული ვერ იქნება.
„საქართველო თამარ მეფის ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ქალი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო მონარქი და რომლის მმართველობის პერიოდი ოქროს ხანად არის აღიარებული ჩვენს ისტორიაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა მსოფლიოში ქალთა საარჩევნო უფლებები და უფლება, რომ ქალები იყვნენ არჩეული ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში. ეს 1918 წელს მოხდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1919 წელს, ჩვენ უკვე ხუთი ქალი დეპუტატი გვყავდა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში - პარლამენტში. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მუსლიმური სარწმუნოების ქალი პირველად იქნა არჩეული დეპუტატად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყველაფერი ეს ხდებოდა საქართველოში და ამ თვალსაზრისით წარსული მართლაც საამაყო გვაქვს. საქართველოში ყოველთვის იყო პროგრესული ხედვები ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო რუხაძემ ფორუმის გახსნაზე.
მისივე თქმით, ისევე როგორც საქართველოს ისტორიაშია უმნიშვნელოვანესი ქალების როლი, ასევე განუზომლად დიდი როლი ეკისრება მათ სახელმწიფოს მომავალი მშენებლობის საქმეშიც.
„ქალთა აქტიური თანამონაწილეობისა და ქალთა პოლიტიკაში აქტიური ჩართვის გარეშე სახელმწიფო წარმატებული ვერ იქნება და იმისათვის, რომ ეს მიზანი მიღწეულ იქნას, გენდერული ბალანსი აუცილებელია. იმ პრობლემებსა და დაბრკოლებებზე საუბარი, რომლებიც ხელს უშლის ქალთა აქტიურად ჩართვას პოლიტიკაში ღიად და გულწრფელად უნდა მიმდინარეობდეს. ამიტომაც ჩვენ ამ თემებზე დისკუსიების ინიციირებასა და მსგავსი საერთაშორისო ფორუმების საქართველოში გამართვას ყოველთვის მივესალმებით“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
CEMR/PLATFORMA -ს ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. პირველი სესია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ვალდებულებებისა და ღონისძიებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას ეძღვნება. მეორე სესია ქალი ლიდერების გამოცდილების გაზიარებას ეთმობა. მესამე სესიაზე კი ფორუმის მონაწილეები იმ ინდიკატორებს გაეცნობიან, რომლებიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მხარდასაჭერად არის შემუშავებული.
ფორუმის მიზანს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეფექტური დღის წესრიგის საკითხებზე მსჯელობა წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მასპინძლობს. პარტნიორ ორგანიზაციებს მოლდოვასა და უკრაინის ასოციაციები წარმოადგენენ. ფორუმში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მოწვეულ ექსპერტები მონაწილეობენ.