თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, გენდერული საბჭოს წევრებთან ანა ლაშხთან და ნინო რუხაძესთან ერთად, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმის კურატორს, ფილოლოგს, სამუზეუმო საქმის მცოდნეს მზია ნადირაძეს და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის და ცენტრის დირექტორს ლეილა ალიევას შეხვდა.
მარიკა დარჩიას ინიციატივით დაწყებული შეხვედრები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით გამორჩეული ქალების წარმოჩენას ისახავდა მიზნად, ორი თვის მიჯნაზე დაიწყო. შეხვედრის ათვლის წერტილად აღებულ იქნა თებერვლის თვე, როგორც მეცნიერ ქალთა თვე და გაგრძელდა მარტში, რომელიც ქალთა თვედ ითვლება.
საკრებულოს წევრებმა მზია ნადირაძესა და ლეილა ალიევას პატივისცემის ნიშნად თაიგულები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მზია ნადირაძე 40 წელზე მეტია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობას ემსახურება. მას საქართველოს უამრავი მუზეუმის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, მისი დამსახურებაა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის მუზეუმის გადარჩენა და უნიკალური ექსპონატების მოძიება.
ლეილა ალიევა მრავალი წელია აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი პირველი აზერბაიჯანელი ქალბატონია, რომელსაც 2016 წელს ტოლერანტის წოდება მიენიჭა. 2000 წლიდან ეწევა ქველმოქმედებას. ლეილა ალიევას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ აქვს მინიჭებული.
„მარტის თვის აქტივობები იყო კიდევ ერთხელ ყურადღების გამოხატვა იმ ქალების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და თავიანთი შრომით წვლილი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში. პანდემიის შეზღუდვებმა, არ მოგვცეს საშუალება უფრო ფართოდ გაგვეშალა ჩვენი წამოწყება. ამიტომ, ჩვენს მიერ მონახულებული თითოეული ქალბატონი იმ ათასობით ქალს განასახიერებს რომლებიც ემსახურებიან თბილისს და თავიანთ საქმეს“,- აცხადებს მარიკა დარჩია.