შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით სასტუმრო “რუმს თბილისში“ კონფერენცია „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მარიკა დარჩია გამოვიდა. მან საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოში დამხვდა ასეთი საბჭო. მე შევეცადე, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოში არ ყოფილიყვნენ მხოლოდ ქალები, რადგან ჩემი აზრით, არ შეიძლება ქალების პრობლემებზე მხოლოდ ჩვენ ქალებმა ვისაუბროთ. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში მრავლად არიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები და რაც მთავარია საბჭოს მდივანი არის კაცი. მინდა გითხრათ, რომ იგი ძალიან კარგად უძღვება საქმეს. აი ასე დავიწყეთ ჩვენ მუშაობა. მე დამხვდა გეგმა, რომელსაც სჭირდება აღსრულების ბერკეტები. გენდერული თანასწორობის საკითხებში თვითმმართველობის როლი ძალიან დიდია,“ - განაცხადა მარიკა დარჩიამ.