თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ თბილისში გამართულ კონფერენციაში „გენდერის საკითხები ურბანულ მმართველობასა და ტრანსპორტის სფეროში“ მონაწილეობა მიიღო.
კონფერენცია 24-25 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო სფეროში ქალთა ჩართულობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო რეკომენდაციები შეიმუშავეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და აზიის განვითარების ბანკს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მარიკა დარჩიამ თბილისის საკრებულოში გენდერულ საკითხებზე მუშაობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. კერძოდ, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის მექანიზმის დამკვიდრებაზე, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე. მან ყურადღება ასევე ჰაერის დაბინძურებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა.
„ჩვენი სტრატეგიული მიმართულება იქნება ყველა იმ ღონისძიების გატარება, რაც ხელს შეუწყობს გენდერული და ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება და კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნების გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.