თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია პროექტზე „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ დონეებზე“ მუშაობას აგრძელებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.
ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის (ICLD) მიერ ორგანიზებული შეხვედრა პროგრამის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ ფარგლებში მიმდინარეობს და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების აპრობირებული მეთოდოლოგიის გაცნობას ისახავს მიზნად.
„სამუშაო შეხვედრა ორდღიანია. იგი გენდერული თანასწორობის ძირითად საკითხებს და ადგილობრივ თვითმმართველობაში მათ ინსტიტუციონალურ გაძლიერებას ეხება. თავდაპირველად პროექტი სულ სხვანაირად იყო დაგეგმილი და მისი პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაიმართა. მომდევნო შეხვედრები უნდა გამართულიყო თურქეთში, შვედეთში თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო ეს ყველაფერი შეიცვალა და სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
დღეს პირველი ონლაინ შეხვედრაა, რომელშიც ხუთივე ქვეყანაა ჩართული და ამ ახალ რეალობაში ეფექტური მუშაობის კოორდინირებას ვცდილობთ. ჩვენ კონკრეტული მიზნები და ამოცანები გვაქვს. ჩვენი მხრივ, ეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება და გენდერული კუთხით მათი უნარების გაძლიერებაა“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
პროექტი რომელიც ადგილობრივი მმართველობის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს გულისხმობს, სწავლების 18 თვიან პროგრამას მოიცავს და მასში საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი თბილისის, ზუგდიდის, ხონისა და ქუთაისის, ასევე თურქეთის, უკრაინისა და ალბანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.