თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით საერთაშორისო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე გარბენი მოეწყო, რომელიც „ევროპა დონა საქართველოს“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით განხორციელდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, განცხადებით, სხვადასხვა სახის აქტივობებით საბჭო ცდილობს ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებას კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.
„დღეს ლისის ტბის ტერიტორიაზე „ვარდისფერი მარათონი“ მოეწყო. ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს და ახლა სრულად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელი დღე არის გზავნილი, რომ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მჯერა, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
„ვარდისფერ მარათონში“ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, „ევროპა დონა საქართველოს“, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, საჯარო და კერძო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების სპონსორია კომპანია "სნო".