თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანია ,,არა ქალზე ძალადობას’’ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გაიმართა.
გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურადაა ჩართული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა განახორციელეს.
შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„ვაგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რადგან ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობასა და ინიციატივას საჭიროებს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოში 5 კრიზისული ცენტრი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლ პირებს. მხოლოდ თბილისის კრიზისული ცენტრი ახორციელებს სამართლებრივი, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახის მომსახურების 24-საათიან მიწოდებას. კონსულტირება აქ 9 ენაზე ხორციელდება: ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, სპარსულ, არაბულ, უკრაინულ ენებზე. ასევე, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 116 006.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრეებმა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მუშაობისა და მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ამავე დაწესებულების ხელმძღვანელისგან ინდირა რობაქიძისგან მიიღეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ნინო რუხაძე, ვახტანგ სურგულაძე , ლილე ლიპარტელიანი, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები და ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ.
დასასრულს, საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კომპანიების, „ორიფლეიმისა“ და „იოიოსოს“, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.