თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ ოფიცერთან გენდერის საკითხებში თამარ ბორცვაძესთან და თბილისის განვითარების ფონდის გენდერის სპეციალისტთან, ეკა გურგენიძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დედაქალაქის სოციალურად ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე საცხოვრებელი განაშენიანების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს გენდერულად სენსიტიური და ინკლუზიური ურბანული განვითარების უნარების გაძლიერების შესაძლებლობები.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, თბილისის განაშენიანებული ტერიტორია აქტიურად იზრდება. ქალაქის ყველა უბანში აქტიურად შენდება საცხოვრებელი კომპლექსები, შესაბამისად, განვითარების სწრაფი ტემპის პირობებში დედაქალაქი დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორებიცაა: ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სერვისების, განათლების ხელმისაწვდომობის, ღირსეული დასაქმების თუ უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების მექანიზმები განისაზღვრა.