თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს დედის დღე მიულოცეს.
სტუმრებმა 40-მდე მსჯავრდებული ქალი, ასევე დედათა და ბავშვთა კორპუსში მყოფი დედები, ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვები მოინახულეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დედის დღე ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური სტატუსის.
„გადავწყვიტეთ, დედის დღესთან დაკავშირებით ქალი მსჯავდებულები მოგვენახულებინა. ვფიქრობ, ამ დღეს ყველა დედა ელოდება და სიამოვნებით იღებს მილოცვას. დარწმუნებული ვარ, რომ დედის დღეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს იმ დედებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან. მათ ჩვენი გვერდით დგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ, რათა შემდეგ ეს ქალბატონები სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მსჯავრდებულებისთვის 400-მდე წიგნი, კერძოდ, მხატვრული ლიტერატურა, შეაგროვა. ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს, მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების სპონსორი იყო კომპანია "ივ როშე" და კომპანია "ჭიტა".