თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თანასწორობისა და ქალთა სოლიდარობის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებული ფორუმი გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მიღწეული პროგრესის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი განვითარებისთვის სამომავლო გეგმებზე მსჯელობას ეთმობა.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მონაწილეებს მიესალმა და გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, გენდერული საბჭოების მუშაობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომელშიც, შეიძლება ითქვას, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები მოწესრიგებულია.
გენდერული თანასწორობა სახელმწიფოს მიერ დასახული ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. საქართველომ ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ქვეყანაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები, გენდერული თანასწორობისათვის მუშავდება და ხორციელდება სამოქმედო გეგმები. გაუმჯობესდა საკანონმდებლო გარემო და საქართველომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულება იკისრა.
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები. ყოველ მათგანს აქვს დამტკიცებული სამოქმედო გეგმა და უმეტეს მათგანს საკუთარი ბიუჯეტიც. თბილისიც მათ რიგს შეუერთდა. წელს პირველად საბჭოს ჩვენი ბიუჯეტი გვაქვს, ხოლო ჩვენი სამოქმედო გეგმა 2023-2025 წლებს მოიცავს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საბჭოების არსებობა ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია.
„მუნიციპალურმა საბჭოებმა უნდა განიხილონ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობა და შეიმუშაონ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული წინადადებები.
თბილისის მუნიციპალიტეტის სტრატეგია საკრებულოში ჩატარებულ გენდერულ აუდიტს ემყარება, რომლის საფუძველზეც ხუთი მნიშვნელოვანი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. კერძოდ, გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა საფინანსო ეკონომიკურ სფეროში, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, სოციალურ სფეროში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის პრევენცია. ხუთივე მიმართულებით ჩვენ დიდი წინსვლა გვაქვს.
ამავდროულად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კუთხით. აქ ხაზგასასმელია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების განსაკუთრებული როლი. თბილისის მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრ პროგრამას ვთავაზობთ კონკრეტულად ქალებს. თბილისის ათივე გამგეობაში არიან გენდერზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მოქალაქეებს მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხებზე უწევენ კონსულტაციებს.
დიდი როლი გვაკისრია ჩვენ, რეგიონებში მოქმედ საბჭოებს, ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქალებთან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მუშაობს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
CEMR/PLATFORMA -ს ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. პირველი სესია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ვალდებულებებისა და ღონისძიებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას ეძღვნება. მეორე სესია ქალი ლიდერების გამოცდილების გაზიარებას ეთმობა. მესამე სესიაზე კი ფორუმის მონაწილეები იმ ინდიკატორებს გაეცნობიან, რომლებიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მხარდასაჭერად არის შემუშავებული.
ფორუმის მიზანს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეფექტური დღის წესრიგის საკითხებზე მსჯელობა წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მასპინძლობს. პარტნიორ ორგანიზაციებს მოლდოვასა და უკრაინის ასოციაციები წარმოადგენენ. ფორუმში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მოწვეულ ექსპერტები მონაწილეობენ.