თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო რუხაძემ და „თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ დირექტორმა ინდირა რობაქიძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვას გავეცით პასუხი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდათ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელის, ინდირა რობაქიძის მხრიდან დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისებსა და მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებს. მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება“-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დღესვე, „თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ დირექტორმა ინდირა რობაქიძემ საბჭოს წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტებისა და იმ მომსახურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია რომელსაც კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები ახორციელებენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საბჭოს წარმომადგენლებმა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მუშაობისა და მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.