თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძესა და აღმასრულებელ მენეჯერ ეკა ხელაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თინათინ ნიბლოშვილმა სამუშაო შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაზე და აქედან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“. ეს ორგანიზაცია საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალებს. შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები, განსაკუთრებული პრიორიტეტი კი ჩვენი ერთობლივი პროექტების ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და ამ მიზნით სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, ქალების ეკონომიკურად გააქტიურებას, მათთვის განათლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გადაცემის მიზნით ახალი შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს.
თინათინ ნიბლოშვილმა სტუმრებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ერთობლივად განსახორციელებელი აქტივობები დაიგეგმა.