თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველობისა და მონაწილეობის პროგრამის ხელმძღვანელ თამარ ვაშაკიძესა და ამავე ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოს მარიკა ჯობავასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე თინათინ ნიბლოშვილმა სტუმრებს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყურადღება გენდერული ბიუჯეტირების ნაწილზე გაამახვილა და საბჭოს კომპეტენციის მიმართულებები გამოყო.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
„გენდერული ბიუჯეტირების ნაწილი თქვენი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კონტურების შექმნა აღმასრულებელ ორგანოში უკვე იწყება და ეს მოცულობითი საქმიანობაა. ჩვენს საბჭოს სურს კიდევ უფრო მეტად მომზადებული დავხვდეთ მომავალი წლის ბიუჯეტს და ამ მიმართულებით თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, არანაკლებ სასარგებლო იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე სტუმრებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებებსა და ქალთა ორგანიზაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სპეციფიკაზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმა.