თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ნინო რუხაძის ინიციატივით და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მუსიკოს დინი ვირსალაძის დისკის ,,Dreams come true'' პრეზენტაცია და მისი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნინო რუხაძე მიესალმა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო, რომლის ეგიდითაც დღევანდელი საღამო გაიმართა, მუდამ ცდილობს, ხელი შეუწყოს ქალებს, რომლებიც პროფესიული მიღწევებით და ნიჭიერებით გამოირჩევიან.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს საშუალება დინი ვირსალაძის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრის პრეზენტაცია გავმართოთ. ეს არის მუსიკალური დისკი, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილ მუსიკოსთან, მანოლო ბადრენასთან თანამშრომლობით ჩაწერა. ეს დისკი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართველი მუსიკოსების პროფესიონალიზმი და ნიჭიერება მთელს მსოფლიოში აღიარებული და დაფასებულია“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
ნინო რუხაძემ დინი ვირსალაძეს დამდეგი დაბადების დღეც მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.