თბილისის საკრებულოში გენდერული საბჭოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ წარუდგინა. გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რაც უკავშირდება ქალთა და ბავშვთა უფლებებს,ქალის როლს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და ზოგადად საზოგადოებაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენის სისტემის ჩამოყალიბებას და ამ მიზნით სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას,საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებების, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით დისკუსიების წარმართვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას განცხადებით, მიმდინარე წელს ჩატარებულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებზე, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ბევრი პროექტი და აქტივობა იქნა განხილული.
„შევიმუშავეთ რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის მექანიზმის დამკვიდრებაზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები ვართ. გენდერული თანასწორობის საბჭო წინა მოწვევის საკრებულოშიც იყო. ჩვენ დავსახეთ ახალი სტრატეგია. გვინდა, რომ ამ სტრატეგიაში პრაქტიკული ნაწილი უფრო მეტად იყოს ასახული, რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის, გამგეობების, მაჟორიტარი წევრების ბიუროების წარმომადგენლები. მაქვს იმედი შემდეგი წლიდან ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული იქნება“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
საბჭოს წევრებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ 2019 წელი კიდევ უფრო მეტად დატვირთული იქნება.