თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია ცნობილ ქართველ ფარმოქიმიკოსს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქეს ეთერ ქემერტელიძეს ეწვია და 95 წლის იუბილე მიულოცა.
მარიკა დარჩიამ მას პატივისცემის ნიშნად თაიგულები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ეთერ ქემერტელიძე 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, ასევე 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია. აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ ის დასახელდა როგორც 1997 წლის გამორჩეული პიროვნება მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში. ამასთანავე, მინიჭებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის ჯილდო, ოქროს დისკი წარწერით - ,,1900-2000 საუკუნის პიროვნება’’, რომელიც მას განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა.
ეთერ ქემერტრელიძე ასევე დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო პრემიით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში და მინიჭებული აქვს იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია. ეს არის მისი ღვაწლსა და დამსახურებების ამსახველი მცირე ჩამონათვალი.
„მარტის თვის აქტივობების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ყურადღება საქართველოში მცხოვრები იმ წარმატებული ქალების მიმართ, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის განვითარების საქმეში’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.