თბილისის საკრებულოში ღონისძიება "ქალები ბრძოლის გზებზე-განსხვავებული პროფესიები თანასწორობისთვის" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას განცხადებით, ეს შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წოდების სამხედრო მოსამსახურე ქალები და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე მძღოლი ქალები. შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები, გენდერის საკითხებში თბილისის მერის მრჩეველი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ მოწვეული სტუმრები წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხედრო მოსამსახურე ქალები, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სხვადასხვა ბრძოლებში, ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთში, ერაყსა და ცენტრალურ აფრიკაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე მძღოლი ქალების ნაწილი მერიის მიერ 2018 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში დასაქმდა, ნაწილი კი სატრანსპორტო სფეროში დიდი ხანია მუშაობს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ განაცხადა, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და განსხვავებული პროფესიის ქალებს თბილისის საკრებულო კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს. მან ღონისძიების ფარგლებში ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ასეთი ქალების ისტორიების წიგნად გამოცემას ეხება.
„ეს შეხვედრა გენდერული საბჭოს ინიციატივით გაიმართა. დღეს მოვიწვიეთ ქალები, რომლებსაც განსხვავებული პროფესიები აქვთ. ამ შეხვედრამ დაგვანახა, ეს ქალები თავისი საქმის როგორი ერთგულები არიან. ეს არის ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც მომავალში ბევრ გეგმას მოიცავს. მაქვს სურვილი, რომ დაიწეროს ამ და სხვა ასეთი ქალების ისტორიები და გამოიცეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოში არსებული ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ქალთა საბჭოს“ წევრები და ტაქსის მძღოლი ქალი ელიკო მენთეშაშვილი.