დღეს, 14 თებერვალს, თბილისის საკრებულოში წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი პროექტის ,,ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა ‘’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წამომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის ორგანიზებით და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით შედგა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, ასევე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ესწრებოდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის 16 000-მდე წიგნის შეგროვებას ითვალისწინებს.
პირველი ინიციატივას თბილისის საკრებულო შეუერთდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს 400-მდე წიგნს გადასცემს.
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისის საკრებულო უერთდება ამ ძალიან კარგ ინიციატივას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ერთ სივრცეში მყოფ ადამიანებს ნამდვილად ჰაერივით სჭირდებათ წიგნი, როგორც სულიერი საზრდო. ცხადია, რჩეული ლიტერატურა პატიმრებს არა მხოლოდ ერთფეროვანი დღეების გადატანაში, არამედ ცოდნის გაღრმავებაშიც დაეხმარებოდა. ცივილიზებული სამყაროს საზრუნავიც ხომ ის არის, რომ ციხეებიდან ადამიანები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ “, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
პროექტის ,,ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება პროფესიული გადამზადების ცენტრს მსჯავრდებულებისთვის საჩუქრად გადასცემს წიგნებს (მხატვრულ ლიტერატურას), რომლებიც საქართველოს მასშტაბით არსებული პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებში გადანაწილდება. ინიციატივა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.