თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
როგორც სხდომის დასაწყისში თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭოში, თბილისის მუნიციპალიტეტის, რიგით მეორე, გენდერული სტრატეგიის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება.
სხდომაზე, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, გენდერული სტრატეგიის 2022- 2025 წლების სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტი დეტალურად განიხილეს.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის მექანიზმების დამკვიდრებაზე, გენდერული სტატისტიკის როლის ამაღლებაზე, გენდერული აუდიტის უზრუნველყოფაზე, სამართლებრივი აქტების გენდერული ექსპერტიზის აუცილებლობასა და სტრატეგიის სხვა მნიშვნელოვან ამოცანებზე იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრებმა, 2022- 2025 წლების სამოქმედო გეგმის სრულყოფის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.