თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს უმასპინძლეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ შვედ სტუმარს საკრებულოს შენობა დაათვალიერებინა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორია გააცნო.
მოგვიანებით, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მარიკა დარჩიამ სტუმარს საბჭოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
„ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები ვართ. გენდერული საბჭო წინა მოწვევის საკრებულოშიც იყო. ჩვენ ახალი სტრატეგია დავსახეთ. გვინდა, რომ ამ სტრატეგიაში პრაქტიკული ნაწილი უფრო მეტად აისახოს. გენდერული თანასწორობის კუთხით მუშაობის თვალსაზრისით, ვფიქრობ აქტიურად უნდა ჩაერთონ ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის და გამგეობების წარმომადგენლები. გენდერის საკითხის საზოგადოებაში სწორად გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, “- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
მან შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს სახელისუფლებო შტოებში არსებული სტატისტიკაც გააცნო.
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა კი იზაბელ დინგიზიანს ასოციაციის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„შარშან დავიწყეთ საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში გენდერული თანასწორობის შესახებ შეხვედრები გავმართეთ. ჩვენი მუშაობის შედეგად, 26 მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოები შეიქმნა,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრაში გენდერულ საკითხებში თბილისის მერის მრჩეველი ნინო ბურძენიძე მონაწილეობდა, რომელმაც შვედ სტუმარს გენდერული სტრატეგიის გეგმის შესახებ უამბო. ეს გეგმა დასამტკიცებლად უკვე მზად არის.
იზაბელ დინგიზიანმა თბილისის საბჭოს წევრებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს გენდერული თანასწორობის კუთხით შვედეთის გამოცდილება გააცნო.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ საკრებულოს გენდერულ საბჭოში მამაკაცი დეპუტატებიც არიან, რადგან კაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანია,“- განაცხადა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
შეხვედრაში, გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში შვედეთის ელჩი და შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის კუთხით მზადყოფნა გამოთქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.