თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობას“ ფარგლებში, საბჭოს წევრებმა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან თანამშრომლობით ხორციელდება და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად ერთვება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოს 187 ქვეყანაში აღინიშნება.
საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მიიღეს.