თბილისის საკრებულოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი- ანა კაკაბაძე სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - სტრუქტურული ერთეულის- თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების კრიზისული ცენტის მენეჯერთან ანა რობაქიძესთან ერთად ,,საქართველოს სტუდენტური პარლამენტის’’ ახალგაზრდა წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ მიმართა და თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და მის ფუნქციებზე მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს კამპანიებში სტუდენტების ჩართვა, რადგან ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს.
კამპანიის მიზანი კი, ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, ნინო ვარდოსანიძე და მარიამ ზაქარიაშვილი ესწრებოდნენ.
დასასრულს, სტუდენტებმა საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.