თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია საბჭოს წევრებთან ერთად კავშირის -,,ქალი და რეალობა” წარმომადგენლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გენდერული საბჭოს გაართოებული სხდომა საკრებულოში შშმ პირებით მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.
კავშირი ,,ქალი და რეალობა” მოტივირებულ ინვალიდ ქალბატონებს აერთიანებს და მისი ძირითადი საქმიანობა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დაცვით, მათი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სტატუსის გაუმჯობესებისათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობით, ასევე ინვალიდი ქალბატონების პროფესიული გადამზადებით განისაზღვრება.
შეხვედრაზე კავშირის ხელმძღვანელმა თამარ მაჭარაშვილმა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრა, როგორებიცაა ადაპტირებული სკრინინგ ცენტრებისა და სატრანსპორტო გარემოს შექმნა, უსინათლოთა გამცილებლების საკითხის მოგვარება, ასევე ავტობუსებში უსინათლოებისთვის გაჩერებების გახმოვანება.
დღესვე საბჭოს წევრებმა სოციალურ საცხოვრისებთან და პანდუსებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოისმინეს და გენდერულ საბჭოში ორი უსინათლო პირის ჩართულობაზე თანხმობა განაცხადეს.
შეხვედრის დასასრულს, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ დედაქალაქის მერიასთან არსებული შშმ პირთა საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე იმუშავებს.
როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. გენდერული საბჭო შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უკვე მუშაობს და არსებული პრობლემების გადაჭრაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება.